ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში ჩინური იუანის წილის 5%-დან დაახლოებით 15%-მდე გაზრდას გეგმავს. სების პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, გადაწყვეტილება რეზერვების დივერსიფიკაციას უკავშირდება. როგორც თურნავამ აღნიშნა, რეზერვების მოცულობა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, ჩინურ იუანში განთავსებული სახსრების საბოლოო მოცულობაც რეზერვების საერთო ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დივერსიფიცირების მიზნით სავალუტო რეზერვებში იუანის ვალუტის წილის ზრდა მისაღებია, თუმცა ისინი იმ გამოწვევებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც შესაძლოა, ჩინურ ობლიგაციებში თანხების განთავსებას თან ახლდეს.






























