მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ის განცხადებით, ჩინური იუანის ფასიან ქაღალდს 2021 წელსაც ფლობდნენ

ალექსანდრე ხაზარაძე

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების მიზნით ჩინურ ფასიან ქაღალდებში გეგმავს თანხის განთავსებას - ამის შესახებ ცნობილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება, რომლის თანახმადაც სებ-მა წვდომა მოიპოვა ჩინეთის ობლიგაციების ბანკთაშორის ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM), რომლის მეშვეობითაც ჩინურ ფასიან ქაღალდებში განახორციელებენ ინვესტიციებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების ზრდას შეუწყობს ხელს.

დღესვე ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ჩინურ იუანში ნომინირებულ ფასიან ქაღალდს 2021 წელსაც ფლობდა, თუმცა ეს არ იყო უშუალოდ ჩინური ფასიანი ქაღალდი, რადგან მისი გამომშვები იყო BIS-ი (საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი), ხოლო ახლა სებ-ი უშუალოდ ჩინური საფინანსო ინსტიტუტების ფასიან ქაღალდებში დააბანდებს თანხებს.

„შესაბამისად, ვინაიდან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები არის დენომინირებული აშშ დოლარსა და ევროში, ჩვენი სავალუტო კომპოზიცია, საერთაშორისო რეზერვები ძირითადად ამ ვალუტებშია. თუმცა ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვების მცირე პორცია ყოველთვის იყო განთავსებული განსხვავებულ ვალუტებში დივერსიფიკაციის მიზნით. ასეთი ვალუტები იყო: ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი და სხვა ვალუტები. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოიაზრება ჩინური იუანიც, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ვალუტა დივერსიფიკაციის კუთხით და 2021 წლიდან ჩვენ ჩინურ იუანში განთავსებული გვქონდა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვები“, - აღნიშნა ალექსანდრე ხაზარაძემ.

თუმცა მისივე თქმით, ეს იყო განთავსებული არა პირდაპირ, არამედ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ დაფუძნებული და მართული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით.

ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომა, იძლევა საშუალებას ნაკლები ხარჯებით მოხდეს პირდაპირი ინვესტიციები, ასევე ეს იძლევა მეტ ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას.

არსებული მდგომარეობით, სებ-ის $6.3-მილიარდიანი რეზერვების უდიდესი ნაწილი აშშ დოლარში ნომინირებულ აქტივებშია განთავსებული, ასევე თანხა განთავსებულია მონეტარულ ოქროში; ევროში; SDR-სა და კანადურ დოლარში ნომინირებულ ფასიან ქაღალდებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები