PMCG-მ ქართველ ეკონომისტებს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები შეაფასებინა. როგორც ორგანიზაცია იტყობინება, მათ მიერ გასული წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების აზრი თანაბრად გაიყო. მათი 46% მიიჩნევდა, რომ ინტერვენცია შესაბამისი იყო, მაგრამ მასშტაბი გადაჭარბებული, ხოლო მეორე 46% ფიქრობდა, რომ სებ-ი საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო და სავალუტო კურსს ახალი ეკვილიბრიუმი უნდა ეპოვა.
ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო კურსის შესანარჩუნებლად უცხოური რეზერვები 754 მილიონი დოლარით შეამცირა.
გამოკითხული ეკონომისტების 46%-ის აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩარევა შესაბამისი იყო, თუმცა ჩარევის მასშტაბი - გადაჭარბებული. ასევე 46%-ის აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი არ უნდა ჩარეულიყო და უნდა მიეცა საშუალება სავალუტო კურსისთვის, რომ ახალი ეკვილიბრიუმი ეპოვა, 4%-მა თქვა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, კურსის დასტაბილურების მიზნით ამ მასშტაბით რომ ჩაერია, ხოლო კიდევ 4%-მა თქვა, რომ არ აქვს მოსაზრება.
რაც შეეხება სებ-ის საერთაშორისო რეზერვებს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოს 4.1
მილიარდ დოლარს შეადგენდა, PMCG-ის მიხედვით, რესპონდენტების 46%-მა ეს რეზერვები შეაფასა, როგორც „მეტ-ნაკლებად საკმარისი“ შიდა შოკებთან გასამკლავებლად, თუმცა მხოლოდ 25%-მა მიიჩნია ისინი „საკმარისად“ რეგიონულ და გლობალურ შოკებთან გასამკლავებლად.
ამასთან, გამოკითხულთა 38%-მა აღნიშნა, რომ რეზერვები „არასაკმარისია“ გლობალურ შოკებთან გასამკლავებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია, რომ რეზერვები „სრულიად საკმარისია“ გლობალურ შოკებთან გასამკლავებლად.
ცნობისთვის, PMCG-ისგან კვარტალური კითხვარი 60 ეკონომისტს ეგზავნება. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტალების მიხედვით.




























