„ქვეყნის შიგნით არის უამრავი ბერკეტი, რომლის ამოქმედებით შეიძლება ლიკვიდურობის და მოთხოვნის გაზრდა,“ - ეს განცხადება თეთრი კვადრატის და BK Holding-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ბურდილაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა.
ბურდილაძე ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების გაზრდისთვის რიგი რეგულაციები უნდა შეარბილოს, რაც მათ შორის მცირე ზომის კომპანიებს თანხების ხელმისაწვდომობას გაუზრდის.
„ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი გახლავთ იპოთეკური დაკრედიტება. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბინის შეძენის ერთ-ერთი წყაროა იპოთეკური სესხი. ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გადადგა ამ ნაწილში გარკვეული ნაბიჯები რაც მისასალმებელია, მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი შეზღუდვა, რომელიც თავის დროზე დაწესდა რათა საჭირო იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამავე დროს ამის მიზანი იყო ინფლაციურ წნეხთან ბრძოლაც.
დღეს ამის რისკები აღარ დგას, მომხმარებელი უფრო გარკვეულია საბანკო პროდუქტებში და ინფლაციური წნეხიც არ არის ეკონომიკაზე, შესაბამისად თუ მოხდება იპოთეკური დაკრედიტების შემდგომი შერბილება, მაგალითად ბანკებს მიეცემათ იპოთეკური სესხების გაცემის უფლება დეველოპერული პროექტის შეკვრის გარეშე, ეს წვდომას გაზრდის იპოთეკურ დაკრედიტებაზე. ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ გაზრდის მოთხოვნას, შესაბამისად იმ პატარა დეველოპერებს მოუხსნის სერიოზულ პრობლემას.
სახელმწიფოს ჩარევა უნდა გამოიხატებოდეს იმით, რომ არ შეუშალოს ხელი ბიზნესის წარმოებას. სხვა მხრივ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ჩარევის,“ - განაცხადა ბურდილაძემ.