საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას.
ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით წარმართავს. აღნიშნული რეჟიმი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ეფექტიან მოდელად ითვლება, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას და შემდგომი პოლიტიკის იმგვარად განხორციელებას გულისხმობს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს იყოს.
ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2022 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს.