მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სებ-ის საბჭოს წევრობაზე კანდიდატურა თვითონ მოვხსენი. სამსახური ვნახე..." - ეკატერინე ღაზაძე

ეკატერინე ღაზაძე

სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილმა კანდიდატმა ეკატერინე ღაზაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაცია BM.GE-ის ეკატერინე ღაზაძემ დაუდასტურა.

დღეს, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრებს უსმენენ. 4 კანდიდატურა „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა, ერთი კანდიდატურა კი ჯერ კიდევ მაისში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა მაშინ საკანონმდებლო ორგანომ ეკატერინე ღაზაძის მოსმენაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ პრეზიდენტს ოთხივე კანდიდატი არ ჰყავდა წარდგენილი.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ ეკატერინე ღაზაძემ კანდიდატურა მოხსნა. „არის წარმოდგენილი 5 კანდიდატურა, თუმცა ერთმა კანდიდატმა, ეკა ღაზაძემ მოგვწერა, რომ აღარ აქვს სურვილი, სხვა სამსახური ნახა, ამიტომ მის კანდიდატურას აღარ განვიხილავთ", - განაცხადა კვიჟინაძემ.

თავად ეკატერინე ღაზაძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში იღებდა მონაწილეობას და რომელიც სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეარჩია, BM.GE-სთან აცხადებს:

„ვნახე სამსახური. უცხოურ პროექტებზე ვმუშაობ დისტანციურად, რაც ახლა მაწყობს და ამიტომ მე თვითონ მოვხსენი კანდიდატურა. დროც და ფინანსებიც აქ უფრო უკეთესი მაქვს და ასე მირჩევნია. თავად მოვიკითხე როგორ შეიძლებოდა, რომ ჩემი კანდიდატურა არ განეხილათ და მოხსნის შესახებ განაცხადი რამდენიმე დღის წინ დავწერე“.

ცნობისთვის, ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია - ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოცემული საგამონაკლისო ბრძანების მიმართ პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის პირობებში, 2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები