საქართველოს პარლამენტი განიხილავს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის განახლებულ პროექტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა ანაზღაურებების განსაზღვრის შესახებ არის საუბარი.
კანონპროექტის მიხედვით, სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებით სარგოს განსაზღვრავს თავად ეროვნული ბანკი, ნაცვლად პარლამენტისა, რომელსაც ეს უფლებამოსილება 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მიეცა.
მუხლი 10
"ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო“, - ნათქვამია კანონპროექტში.
ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება, აქედან საბჭოს ოთხი წევრი აღმასრულებელ პოზიციას იკავებს, ესენია სებ-ის პრეზიდენტი და სამი ვიცეპრეზიდენტი, დანარჩენი წევრები კი არააღმასრულებელ პოზიციებს იკავებენ.
ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, სებ-ის პრეზიდენტის წლიური სარგო 349,000 ლარს შეადგენს, ვიცე-პრეზიდენტის წლიური თანამდებობრივი სარგო 294,000 ლარს შეადგენს, ხოლო სებ-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრების წლიური თანამდებობრივი სარგო 130,000 ლარის ფარგლებშია.




























