მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის შეფასებით, სესხის პროცენტის შემცირებით, "ლიბერთისადმი" პენსიონერების ლოიალობა გაიზრდება

ლიბერთი ბანკი

პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის დაწევა ზრდის მის[პენსიონერის] გადახდისუნარიანობასაც და ლოიალობაც მეტი აქვს ბანკის მიმართ, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

საქმე ის არის, რომ 22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ და იმ პროცენტს გაუტოლდება, რომელიც 2023 წლიდან დაწესდა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რას მიიღებს სესხებზე პროცენტის შემცირების სანაცვლოდ ლიბერთი, როგორ დაითანხმა მთავრობამ ბანკი და გადაუხდის თუ არა თანხის სხვაობას, გზირიშვილი პასუხობს:

„ზოგადად, მომხმარებელთა უფლების დაცვის მიმართულებით ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ. ეს სამსახური უკვე დიდი ხანია არსებობს და საკითხებიც მრავალფეროვანია, მათ შორის ერთი შეიძლება იყოს საპროცენტო განაკვეთი. კომუნიკაცია ეროვნულ ბანკს და კომერციულ ბანკებს შორის სხვადასხვა საკითხებზე მუდმივად არის. ეს პრობლემები და ხარვეზები პერიოდულად სწორდება.

კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში 7-დან 8 მილიონამდე თანხას დაზოგავენ პენსიონერები, მაგრამ ერთი მხრივ, ამან შესაძლოა, გააუმჯობესოს პორტფელიც, რადგან მომხმარებელს ნაკლები ტვირთი აქვს. ეს ზრდის მის გადახდისუნარიანობასაც და ლოიალობაც მეტი აქვს ბანკის მიმართ. ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ხარჯია კომერციული ბანკისთვის და ამას აქედან სარგებელი არ ექნება, თუნდაც ირიბი, მომხმარებლის კმაყოფილების კუთხით. მსგავსი სესხების ვადიანობა არის 4 წელი და სესხების უმეტესობა აღებულია პანდემიის დროს და ნაწილი, პანდემიამდეც“.

მისი თქმით, სესხის პროცენტი დაიწევს მათთვის, ვისაც ვალდებულება 30%-ში აქვს აღებული.

„როგორც მოგეხსენებათ, ლიბერთი ბანკსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან. ამ ხელშეკრულებაში მათ შორის განისაზღვრა ე.წ. საპენსიო სესხებისთვის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლისთვისაც განსაზღვრულია კონკრეტული ფორმულა. დღევანდელი მდგომარეობით სესხი გაიცემა დაახლოებით 25%-ში, თუმცა 2023 წლის პირველ იანვრამდე საპროცენტო განაკვეთები ბევრად მაღალი იყო. დღევანდელი მდგომარეობით, იმ სესხების რაოდენობა, რომელიც არის დარჩენილი და არ არის დაფარული, დარჩენილია 2023 წლის პირველ იანვრამდე, არის დაახლოებით 151 ათასი სესხი და მათზე საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აჭარბებს და ამ გადაწყვეტილებით, ე.წ. ძვირ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება იმ განაკვეთამდე, რომელიც ახალი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული“, - განაცხადა გზირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები