მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში საქართველოს სავალუტო რეზერვები 154 მილიონი დოლარით, $6.47 მილიარდამდე გაიზარდა

დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება რომ გასული თვის განმავლობაში რეზერვები მარტთან შედარებით 154 მილიონი დოლარით, 6.47 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სავარაუდოდ სებ-მა განაგრძო სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკა, თუმცა აღნიშნულის შესახებ დეტალური სტატისტიკა ცნობილი გახდება 27 მაისს, ხოლო იანვარ-მარტის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის წმინდა შესყიდვები 499.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. უშუალოდ მარტში კი სებ-მა 16 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას უკავშირდებოდა.

წლიურ ჭრილში საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.15 მილიარდი დოლარით, ანუ 43%-ით გაიზარდა. ძირითადი მიზეზი სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვა (2.8 მლრდ დოლარის ოდენობით), ასევე ოქროს ფასის ზრდა იყო, რამაც ჯამურად ერთწლიან ჭრილში 343 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვებში ოქროს წილს, სებ-ი აპრილის ბოლოსთვის ფლობდა 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქროს, რაც თითქმის იმდენივეა (ზრდა 1 მლნ დოლარი) რაც მარტის ბოლოს, რაც განპირობებულია იმით რომ აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ღირებულების მკვეთრი ცვლილება არ მომხდარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები