საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ანგარიში პარლამენტს უკვე წარუდგინა. ანგარიშში ასახულია სებ-ის საფინანსო სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები. ანგარიშის თანახმად, დაწერილი ჯარიმების მოცულობამ სულ 961,300 ლარი შეადგინა, რაც 2023 წელს დაწერილ ჯარიმებთან შედარებით 234 ათასი ლარით ნაკლებია.
სებ-ის ანგარიშის თანახმად, მსგავსი დარღვევები შემცირებულია კომერციულ ბანკებში, ხოლო მისოებსა და საგადახდო სერვისის პროვაიდერებში კი პირიქით გაზრდილია.
სებ-ის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევისთვის 2024 წელს დაწერილი ჯარიმების მოცულობა:
| სუბიექტის ტიპი | 2024 წელი (ლარი) | ცვლილება 2023 წელთან (ლარი) |
| კომერციული ბანკი | 181,000 ლარი; | -76,800 ლარი; |
| მიკროსაფინანსო ორგანიზაცია | 314,500 ლარი; | +184,900 ლარი; |
| საგადახდო მომსახურების პროვაიდერი | 318,500 ლარი; | +218,500 ლარი; |
| სესხის გამცემი სუბიექტი | 98,000 ლარი; | +43,000 ლარი; |
| საბროკერო კომპანია | 4,300 ლარი; | -53,700 ლარი; |
| ვალუტის გადამცვლელი პუნქტი | 45,000 ლარი; | -550,400 ლარი; |
"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2024 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის 36 წარმომადგენელი შემოწმდა. შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2024 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 6 სუბიექტის დისტანციური ტიპის ე.წ. follow-up შემოწმება განახორციელა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობისა და ფულადი გზავნილების სისტემით შესრულებული ტრანზაქციების შესწავლას. ამ მიზნით, კომერციულ ბანკებში შესწავლილ იქნა საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან (დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან, ბელარუსთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან) შესაბამისობის პროცესის ეფექტურობა.
ადგილზე ინსპექტირების შედეგად დაკისრებული ფულადი ჯარიმების გარდა, 2024 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ აქტიურად გამოიყენებოდა მაკორექტირებელი ღონისძიებები. იდენტიფიცირებული სისუსტეების დაუყოვნებლივი აღმოფხვრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესაბამისობის დონის ამაღლების მიზნით, ადგილზე ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, 2024 წელს, არაერთი რეკომენდაცია გაიცა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2024 წელს Moneyval-მა ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და მე-15 რეკომენდაციასთან საქართველოს ტექნიკური შესაბამისობის რეიტინგი გააუმჯობესა - ნაწილობრივ შესაბამისიდან (Partially Compliant) მნიშვნელოვნად შესაბამისად (Largely Compliant), რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი საზედამხედველო ღონისძიებების შედეგიცაა,"- ნათქვამია სებ-ის წლიურ ანგარიშში.




























