"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა. მაკროეკონომიკურ განახლებაში აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, სებ სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს.
პუბლიკაციის თანახმად, გასული წლისგან განსხვავებით, სახეზეა კონვერტაციების სწრაფი შემობრუნება, ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდა და სავალუტო რეზერვების შევსების მიმდინარე ტენდენცია, მათ შორის სექტემბერშიც, რაც ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნებაზე მიუთითებს.
"ყოველდღიური მონაცემები აგვისტოს მეორე ნახევრიდან კვლავ ლარის დეპოზიტების ზრდის აჩქარებაზე მიუთითებს, მას შემდეგ, რაც ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია გასული თვეების ტენდენციისგან განსხვავებული მიმართულებით შეიცვალა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ, სხვადასხვა ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.
ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ივლისში შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა კვლავ გაიზარდა, რაც, შარშანდელი პერიოდის მსგავსად, შესაძლოა, სენტიმენტების ფაქტორის გააქტიურებას უკავშირდებოდეს, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, ერთჯერად ფაქტორებსაც. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივლისში, დეპოზიტების დოლარიზაციის ზრდის მიუხედავად, ლარის დეპოზიტების ნაშთიც გაიზარდა, აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი, როგორც აღინიშნა, კვლავ ლარიზაციის აჩქარების დინამიკა შეინიშნება. გარდა ამისა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა და, როგორც ჩანს, სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, რაც ლარის მხარდამჭერი ძირითადი ფაქტორების მხრივ გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებაზე არ მიუთითებს. უახლესი მონაცემებით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 184 მილიონი აშშ დოლარით მეტი",- წერია პუბლიკაციაში.




























