მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა გამოსცა ბრძანება, რომელმაც ე.წ. საპენსიო სესხები უნდა გააიაფოს

627d09e27ce00
ნინო ტაბატაძე
12.05.22 17:44
9236
კომერციულ ბანკებს ე.წ. „საპენსიო სესხის“ გაცემა უიაფდებათ. შესაბამისი ცვლილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო. 

ამჟამად საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილ კრედიტებს მხოლოდ "ლიბერთი ბანკი" გასცემს. დღეის მდგომარეობით, საპენსიო კრედიტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 35%-ია. მთლიანობაში 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული. 

ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილება კრედიტების გაცემის "რისკის წონას" შეეხება. აქამდე საპენსიო სესხისთვის რისკის წონა 75% იყო და ის სებ-მა 35%-მდე შეამცირა. შემცირებული რისკის წონა არ ნიშნავს იმას, რომ სესხები 2-ჯერ გაიაფდება, ვინაიდან სესხის ფასდადებას კაპიტალის მოთხოვნის გარდა სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს, როგორიცაა დაზღვევის ხარჯები, ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია:

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით, ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35%-იანი რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება რამდენიმე მოთხოვნა:

1. მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ ბანკში და ბანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;

2. მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს ბანკის სასარგებლოდ ან ბანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;

3. სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები;

4. სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს ასევე „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად.“

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ცვლილება სებ-ის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

პენსიების გამცემი ბანკი, შესაძლოა, შეიცვალოს - მთავრობამ ₾105-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა:

აპრილში ჯანდაცვის სამინისტრომ პენსიის და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად 105-მილიონანი ტენდერი გამოაცხადა. ამ გზით შერჩეული ბანკი პენსიებს 2029 წლის 1 იანვრამდე დაარიგებს. ტენდერში ბანკებისგან წინადადებების მიღება გუშინ და 16 მაისამდე გაგრძელდება.

თუკი ამჟამად არსებული პირობებით, სახელმწიფო პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ახლა ამ სერვისში ბანკებს დამატებით ანაზღაურებას მიაწვდის.

ტენდერში ბანკები შეირჩევიან ორი კრიტერიუმის მიხედვით, პირველი კრიტერიუმი შეეხება პენსიის დარიგების ღირებულებას ანუ რომელი ბანკი უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს. ამ კრიტერიუმის წონა შეფასების დროს 30% იქნება.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობა იწყება არის 15% ანუ, საუბარია 10.6%+15%=25.6%-ზე.

ანუ ბანკებმა უნდა დააფიქსირონ 15%-ზე ნაკლები განაკვეთი და სახელმწიფო შეარჩევს იმ ბანკს, რომელიც ტენდერში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს. ის თუ რამდენად დაბალ განაკვეთზე შეჩერდება ვაჭრობა, ეს ტენდერის მეშვეობით გამოჩნდება.

საპროცენტო განაკვეთის მოცულობაზე ტენდერის შეფასების კრიტერიუმის 70% არის დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სებ-ის მიერ საპენსიო სესხის რისკის შეცვლა სწორედ საპენსიო გასაცემლების ტენდერის მიმდინარეობას დაემთხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები