საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული "ჰეშ ბანკის" სალიცენზიო პირობებში ცვლილებები შეიტანა - ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
ეროვნულმა ბანკმა "ჰეშ ბანკზე" ლიცენზია 2023 წლის 3 ნოემბერს გასცა. ბანკს მიეცა 7 თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის, თუმცა სებ-ის 29 მაისის განკარგულებით ბანკის სატესტო ოპერირების პერიოდი კიდევ 10 თვით გახანგრძლივდა.
"შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანხმობის გაცემამდე სს „ჰეშ ბანკს“ შეეზღუდოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 10 (ათი) თვის მანძილზე რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება.
რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება სს „ჰეშ ბანკისთვის“ ხდება ეტაპობრივად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განკარგულებაში.
არსებული მდგომარეობით, "ჰეშ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ლაშა პაპაშვილი იკავებს, ამ თანამდებობაზე მან ნანა ქებურია ჩაანაცვლა.
"ჰეშ ბანკის" სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი, რომელიც 210,000 აქციად იყოფა.
აქციონერები არიან:
- ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, საწესდებო კაპიტალის 50%;
- სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
- ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, საწესდებო კაპიტალის 19.5%.