მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა "ჰეშ ბანკის" ლიცენზიაში ცვლილება შეიტანა და მას საბანკო საქმიანობის დაწყების უფლება მისცა

ლაშა პაპაშვილი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული "ჰეშ ბანკის" სალიცენზიო პირობებში ცვლილებები შეიტანა - ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

ეროვნულმა ბანკმა "ჰეშ ბანკზე" ლიცენზია 2023 წლის 3 ნოემბერს გასცა. ბანკს მიეცა 7 თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის, თუმცა სებ-ის 29 მაისის განკარგულებით ბანკის სატესტო ოპერირების პერიოდი კიდევ 10 თვით გახანგრძლივდა, მაგრამ დღეს გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულება, რომლითაც "ჰეშ ბანკს" უფლება მიეცა დაიწყოს საბანკო მომსახურების მიწოდება.

"სს „ჰეშ ბანკისთვის(ს/ნ: 405555359) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 ნოემბრის №260 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2024 წლის 20 სექტემბრიდან 6 (ექვსი) თვის და 10 (ათი) დღის მანძილზე სს „ჰეშ ბანკმა“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით,"- ნათქვამია სებ-ის განკარგულებაში.

არსებული მდგომარეობით, "ჰეშ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ლაშა პაპაშვილი იკავებს, ამ თანამდებობაზე მან ნანა ქებურია ჩაანაცვლა.

"ჰეშ ბანკის" სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი, რომელიც 210,000 აქციად იყოფა.

აქციონერები არიან:

  1. ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, საწესდებო კაპიტალის 50%;
  2. სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
  3. ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, საწესდებო კაპიტალის 19.5%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები