მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ინფლაციის პროგნოზი 5.4%-მდე, ეკონომიკური ზრდის კი 7.2%-მდე გაზარდა - შეფასება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-დან 5.4%-მდე, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. სებ-ის განმარტებით, ინფლაციის პროგნოზის ზრდა გლობალურ ბაზრებზე გახანგრძლივებულმა ინფლაციურმა წნეხმა განაპირობა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების საფუძველი კი მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობაა.

ამასთან, 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ის თანახმად, ინფლაციური წნეხის შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ენერგორესურსების გაძვირება და საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები განაპირობებს.

2026 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, საიდანაც დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ენერგორესურსების ფასებზე მოდიოდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება, 2027 წლის საშუალო ფასების ზრდა 3.5% იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, სებ-ის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-აგვისტოში საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას კვლავ მეტწილად მაღალპროდუქტიული სექტორები განაპირობებს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ანეიტრალებს. მომდევნო სხდომა: 2026 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.

სტუმარი: ირაკლი მაკალათია - ეკონომისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები