მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა ხუთი სავალუტო ჯიხური ჯამში 776 ათასი ლარით დააჯარიმა

ვალუტის ჯიხური

ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბერს ვალუტის გადამცვლელი ხუთი პუნქტი ჯამში 776 ათასი ლარით დააჯარიმა. აქედან ყველაზე მეტი ფულადი ჯარიმა 596 ათასი ლარი ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს „მაქსპრო"-ს დაუწესა.

სებ-ის მიერ სხვა დაჯარიმებული კომპანიებია:

  • შპს „საბა & ლუკა“ - 13 ათასი ლარი;
  • შპს „ნ/ნ“- 40 ათასი ლარი;
  • შპს „მონი რეით" - 42 ათასი ლარი;
  • ინდმეწარმე „ვალერიან ქარდავა“ - 85 ათასი ლარი;

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე დიდი 596 ათასი ლარით კომპანია სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმეს, კერძოდ:

სების ცნობით, საუბარია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 2 ფაქტზე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, სულ 14 000 ლარი;

ასევე, იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 565 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 565 000 ლარი;

კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 4 000 ლარი;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენასა და პირების ავტომატურ გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.

ამასთან, სებ-ის ცნობით, პროგრამას არ გააჩნია იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტით (KYC) გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები