მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად 0%-ზე დატოვა - გადაწყვეტილება

615420b91763e
შოთა ტყეშელაშვილი
29.09.21 12:08
505
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე საბანკო სექტორისთვის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.

სებ-ის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე კონტრციკლური ბუფერის გაზრდა მიზანშეწონილი არაა. ამასთანავე, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემისთვის 2020 წელს შემსუბუქებული ბუფერების აღდგენის პროცესი, რაც დაწყებულია თავისთავად ასრულებს კონტრციკლური ბუფერის როლს, შესაბამისად უშუალოდ ამ ბუფერის გაზრდა მიზანშეწონილი არაა.

"2021 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით. სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, თუმცა, წინა კვარტალთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის შვიდი თვის განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 12.2% შეადგინა, რაც ვალის ტვირთის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენის პროცესი და კრიზისამდე დაგეგმილი კაპიტალის დონის და ხარისხის გაუმჯობესება („პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესის" მიხედვით) მომდევნო პერიოდში გარკვეულწილად კონტრციკლური ბუფერის როლს შეასრულებს. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს საკრედიტო პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, ამ პერიოდში კონტრციკლური მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ იკვეთება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს საბანკო სისტემაში არსებული გაუმჯობესებული ფინანსური შედეგები ქვეყნის ეკონომიკას პანდემიური გავლენიდან გამოსვლასა და აღდგენაში ეხმარება. 

"საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას პანდემიის პირობებშიც განაგრძობს. 2021 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის, მომგებიანობის, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესდება, რაც ბანკებს კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები სებ-ის მიერ დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალებას აძლევს. მოსალოდნელია, რომ ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიზისის დასაწყისში კაპიტალის გამოთავისუფლებულ ბუფერებს მიმდინარე წელს აღიდგენს, ხოლო კაპიტალის კრიზისამდე არსებულ ადეკვატურობის მაჩვენებელს სექტორი 2022 წელს დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ჯანსაღი კომპანიების გამოვლენა და მათი დაკრედიტება ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღნიშნული ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ამავდროულად ფინანსურ მდგრადობას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში," - ნათქვამია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. 

რა არის "კონტრციკლური ბუფერი"?

ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური წარმოადგენს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.

კონტრციკლური ბუფერის დაცვა ხდება ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების მეშვეობით და განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. იგი დგინდება ყოველკვარტალურად და ცვლილების შემთხვევაში ხდება კონტრციკლური ბუფერის 0.25 პროცენტული პუნქტით ან მისი ჯერადით შეცვლა. განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, კაპიტალის მოთხოვნის დაცვა უნდა მოხდეს 1 წლის ვადაში, ხოლო შემცირების შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას გაითვალისწინება ისეთი ფაქტორების ანალიზი, როგორებიცაა სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის შესაბამისი ინდიკატორები, საკრედიტო ტენდენციები, ფინანსური სექტორის ციკლური პოზიციის სხვა მაჩვენებლები, ქვეყნის შიდა და საგარეო მაკროფინანსური გარემოს მახასიათებლები და სხვა.