„საქართველოში საფინანსო სისტემა არის მდგრადი და დღეის მდგომარეობით მკვეთრ ჩარევას არ საჭიროებს“ - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ეროვნული ბანკის მხრიდან საბანკო რეგულაციების შემსუბუქების თემაზე საუბრისას აცხადებს.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა გუშინ კომერციული ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე შევსების ვადა 2024 წლის 15 მარტის ნაცვლად, 2027 წლის 15 მარტამდე გადაავადა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში მოქმედ ბანკებს მილიონობით ლარი გამოუთავისუფლდებათ, რომელსაც სხვა შემთხვევაში აღნიშნული ბუფერის დაცვისთვის განათავსებდნენ.
როგორც ალექსანდრე ძნელაძე BM.GE-სთან განმარტავს, ასეთ მოკლე დროში კონტრციკლური ბუფერის მინიმალური ზღვრის 1%-მდე გაზრდა საბანკო სექტორისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი იქნებოდა.
„აღნიშნული რეკომენდაცია არაერთხელ იყო გაჟღერებული, რომ კონტრციკლური ბუფერის ნომინალური ზღვრის 1%-მდე აწევა საკმაოდ დიდი ტვირთი იქნებოდა საბანკო სექტორისთვის. აქ არ იყო საუბარი, რომ აღნიშნული ნომინალური ზღვარი არ უნდა გაზრდილიყო, მაგრამ აქ იყო საუბარი, რომ გარკვეულწილად მეტი დრო მისცემოდა საბანკო სექტორს.
მომავალი წელი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორც იცით, არაერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა საკმაოდ დადებითად შეაფასა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ფაქტორების როლი მინელდა და მომავალ წელს აღნიშნული ეფექტი დიდად შეიძლება აღარ იყოს გამოხატული.
კიდევ უფრო მეტ ღირებულებას იძენს საბანკო სექტორის მხარდაჭერა ეკონომიკისთვის. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამასთან მიმართებით ის მესიჯები, რა მესიჯებიც კომიტეტის მერე გაჟღერდა არის მეტად ხელშესახები, რომ მოლოდინები როგორც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების, ისე სხვა მიმართულებით არის შემდეგი, რომ საქართველოში საფინანსო სისტემა არის მდგრადი და მკვეთრ ჩარევას არ საჭიროებს დღეის მდგომარეობით“,- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
მისი თქმით, კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე შევსების ვალდებულების გადავადება ბანკებს კაპიტალის ნაწილს გამოუთავისუფლებს, რაც საშუალებას მისცემს სექტორს უფრო მეტად ზრდაზე ორიენტირებული გახდეს.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „საქმის კურსთან“ განაცხადა, რომ რეგულაციის შემსუბუქებით ბანკები დაახლოებით 350 მილიონზე მეტ ლარს დაზოგავენ.