გუშინ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-იდან 20 %-მდე შეამცირა. 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე სარეზერვო განაკვეთი 25%-ს შეადგენდა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ეს განაკვეთი დამატებით 5 პპ-ით შეამცირა. სებ-ის განმარტებით ეს გადაწყვეტილება ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს და ქვეყნის ეკონომიკას ახალ საკრედიტო რესურსს მიაწვდის.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, სარეზერვო ნორმის 25%-იანი ზღვარი საბანკო სექტორისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო, გამოთავისუფლებული სახსრებით კი ბანკებს მეტი კაპიტალის დაბანდების შესაძლებლობა უჩნდებათ.
„საბანკო სექტორისთვის აღნიშნული ტვირთი ძალიან მძიმე იყო, რადგან უცხოურ ვალუტაში სახსრების მოზიდვა კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა. მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაციის პროცესის ტენდენცია მაინც კარგია, როგორც სადეპოზიტო, ისე საკრედიტო პორტფელში, 50%-თან არის ახლოს და ამ მოზიდული სახსრებიდან მუდმივად 25%-ის გაყინვა დიდი ტვირთი იყო.
„რეზერვის 25%-დან 20%-მდე ჩამოწევამ ასევე შესაძლებელია იმოქმედოს უცხოურ ვალუტაში სესხების საპროცენტო განაკვეთზე.
მნიშვნელოვანია, რომ უცხოურ ვალუტაში უფრო მაღალი ლიკვიდურობა ექნება საბანკო სექტორს და უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება აღნიშნული რესურსები იყოს განთავსებული ეკონომიკაში და ეკონომიკა უფრო მეტად დაფინანსდეს“,- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.