მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2024 წელს საბანკო სექტორმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ეკონომიკურ ზრდაში“ - ალექსანდრე ძნელაძე

ძნელაძე

საბანკო ასოციაციის შეფასებით, გამოწვევების მიუხედავად, რაც რეგიონში დაძაბულობას უკავშირდება, ქართული საბანკო სექტორისთვის 2023 წელი საკმაოდ კარგი წელი იყო. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის თქმით, დიდი ოპტიმიზმით უყურებენ 2024 წელს, რაც სექტორის ზომის და კონკურენციის ზრდას უკავშირდება.

„საქართველოში საბანკო სექტორი გამოირჩევა მდგრადობით და სტაბილურობით. ამის ერთ-ერთი წინაპირობა არის, რომ ეკონომიკაც მდგრადია და სტაბილური. ამის მაჩვენებლები აისახა კიდევაც უმოქმედო სესხების წილზე მთლიან პორტფელში, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა; ევროკავშირის ქვეყნებზე უკეთესიც კი არის. ამ თვალსაზრისით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორისთვის 2023 წელი გამოწვევების მიუხედავად, საკმაოდ კარგი იყო.

2024 წელს ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ერთი მხრივ, საბანკო სექტორმა უნდა შეასრულოს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ეკონომიკურ ზრდაში დაფინანსების კუთხით და მეორე მხრივ, წელს ველოდებით კონკურენციის ზრდასაც“, - აცხადებს ძნელაძე.

მისი თქმით, 2024 წელი გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ბაზარზე ახალი ციფრული და მიკრობანკები გაჩნდებიან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კონკურენციის ზრდას.

„როგორც იცით, 2023 წელი დავხურეთ 16 საბანკო ლიცენზიით, რაც იმის ნიშანია, რომ ბანკების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება; ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ბანკი შეიძლება შემოვიდეს ბაზარზე. როგორც იცით, ციფრული ბანკების ნაწილში ველოდებით ახალ საბანკო ლიცენზიებს, მიკრობანკების კუთხითაც ველოდებით ახალ ბანკებს. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ არსებობს პოტენციალი ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების თვალსაზრისით. ასევე მაღალი კონკურენცია იყო, რაც ნარჩუნდება და კიდევ შეიძლება გაიზარდოს“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

შეგახსენებთ, 2023 წელს ბაზარს 2 ახალი ციფრული ბანკი - “ჰეშ ბანკი” და “პეივი” შეემატა. ასევე ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი წარდგენილი აქვს ორ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას - „ემ ბი სი-ს“ და „კრისტალს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები