ეროვნული ბანკი უკვე მეშვიდედ რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე ინარჩუნებს. გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, განიხილა მაღალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მეორე მხრივ, განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი, თუმცა მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა.