საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ტელეკომპანია "იმედის" ერთ-ერთი მფლობელის, ილია მიქელაიშვილის კომპანიამ გაიმარჯვა.
ეროვნულმა ბანკმა ახალი ამბების მომსახურებაზე 100 ათას ლარიანი ტენდერი 19 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შ.პ.ს პირველმა მიიღო. აღნიშნულმა კომპანიამ ახალი ამბების მომსახურებაში ქვეყნის ცენტრალურ ბანკს 99 ათასი ლარი შესთავაზა.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ეროვნული ბანკისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა 6 სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს (საინფორმაციო სააგენტოები შერჩეული იქნება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად) მეშვეობითაც მოუწევს. ამ მომსახურებაში სებ-ს ერთი წლის განმავლობაში თვიურად 8250 ლარის გადახდა მოუწევს. აქედან მინიმუმ სამმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია და მიწოდებული მასალა უნდა გაავრცელოს ულიმიტოდ, შეუზღუდავი რაოდენობით.
შპს "პირველი" ვალდებულია ეროვნული ბანკის საქმიანობის და მის მიერ ჩატარებული ღონისძიებების (მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების, ფინანსურის სტაბილურობის კომიტეტის სხდომების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების და ა.შ.) შესახებ ანონსები და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მომზადება უზრუნველყოს და ასევე გაავრცელოს სხვა საინფორმაციო სააგენტოებშიც.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შ.პ.ს "პირველის" ერთადერთი მესაკუთრე ილია მიქელაიშვილია, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიც არის. მიქელაიშვილის საკუთრებაა ასევე შპს პრაიმ მედია გლობალი, რომელიც ტელეიმედის 50%-იან წილს ფლობს.
2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია "იმედი" და "იმედის ჰოლდინგი", რომელშიც ასევე GDS-იც შედის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.
"პრაიმ მედია გლობალი" 2019 წლის ოქტომბერს მიქელაიშვილმა დააფუძნა. კომპანიის პირვანდელი სახელი იყო "მედია ჰაბი სეილსჰაუსი", 2025 წლის ნოემბრიდან კი მას "პრაიმ მედია გლობალი" ეწოდება. კომპანია სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე შუამავლის როლს ასრულებს და მომხმარებლებს ტელეკომპანია "იმედის", "GDS"-ის, "რუსთავი 2"-ის, "მაესტროს" და "პოსტვ"-ის სარეკლამო დროს სთავაზობს.
კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, "პრაიმ მედია გლობალმა" მომხმარებლებისგან მიიღო 29.5 მილიონი ლარის შემოსავალი და ტელევიზიებში ამ თანხით 26.4 მილიონი ლარის რეკლამები განათავსა, შესაბამისად სარეკლამო შუამავლობიდან კომპანიამ 3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, კომპანიას გააჩნდა 1.1 მილიონი ლარის სხვა შემოსავლებიც. რაც შეეხება ხარჯებს, შრომის ანაზღაურება 3.1 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიას ასევე გააჩნდა სხვა სარეკლამო და ადმინისტრაციული ხარჯები, რის გამოც "პრაიმ მედია გლობალმა" 2024 წელს 958 ათასი ლარის ზარალი განიცადა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მიქელაიშვილი სხვადასხვა კომპანიებში დირექტორი ან მეწილეა: „პირველი“, „აგროგეო“, „დიასპორული მედიის ასოციაცია“ და „აი თი თრეიდი“.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამ თუ იმ კომპანიის სანქცირება არ ითვალისწინებს კომპანიის დამფუძნებელსა თუ დამფუძნებელთან დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირზე სანქციის ავტომატურ გავრცელებას.
"საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების შესყიდვის მიზნით, ჯერ კიდევ 2026 წლის იანვრიდან დაიწყო ბაზრის კვლევის ღონისძიებები, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი.
ტენდერში გაიმარჯვა შპს „პირველმა“, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. რაც შეეხება სანქცირებას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ წარმოადგენს სანქცირებულ სუბიექტს, ასევე, არც მისი მფლობელია სანქცირებული პირი. შესაბამისად, სანქციათა რეჟიმების წესის თანახმად, ამ თუ იმ კომპანიის სანქცირება არ ითვალისწინებს კომპანიის დამფუძნებელსა თუ დამფუძნებელთან დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირზე სანქციის ავტომატურ გავრცელებას", - უთხრეს სებ-ში BMG-ის.




























