მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა ₾2.74 მილიარდს მიაღწია - სებ

bonds

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2022 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური ზრდის ფაზაში გადავიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარმა განაგრძო ზრდა 2026 წლის პირველ ნახევარშიც და 2.74 მილიარდ ლარს მიაღწია.

"2026 წლის პირველ ნახევარში, 5 ემიტენტის მიერ საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული 8 ობლიგაციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 385 მილიონი ლარი, რაც 2.6-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 150 მილიონ ლარს. ახალი ემისიების 49% (ღირებულებით), რაც შეადგენდა დაახლოებით 190 მილიონ ლარს, განხორციელდა აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდაჭერით.

2025 წლის ბოლოსთან შედარებით, 2026 მეორე კვარტალის ბოლოსთვის, ობლიგაციების ნაშთი 2.63 მილიარდი ლარიდან 2.74 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების რაოდენობა 46-დან 47-მდე, ხოლო ემიტენტების რაოდენობა 22-დან 24-მდე გაიზარდა",- აღნიშნულია დოკუმენტში.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ნაშთი წლიურად 39%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) და ვალუტის ჭრილში მეტად დაბალანსებული გახდა: ზრდის მთავარი წყარო ლარში დენომინირებული ობლიგაციები იყო, რომელთა წვლილმაც მთლიან ზრდაში 35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მეორე კვარტალის ბოლოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების 2.74 მლრდ ლარის ნაშთიდან დაახლოებით 1.37 მლრდ ლარი (50%) ლარში იყო დენომინირებული.

სებ-ის თანახმად, ობლიგაციების ბაზრის სექტორული დივერსიფიკაცია მუდმივად უმჯობესდება. 2018 წლის განმავლობაში ობლიგაციები 4 ეკონომიკური სექტორიდან იყო გამოშვებული. რაც 2022 წელს 6, ხოლო 2023 წელს 10 სექტორამდე გაიზარდა. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს, ნაშთის მიხედვით, ობლიგაციები წარმოდგენილი იყო 14 სექტორიდან; თუმცა, მთლიანი ნაშთის თითქმის 47%-ს იკავებდა 3 სექტორი: სხვა ფინანსური სერვისები, ავტომობილები და ჯანდაცვის აქტივობები.

მოზიდული სახსრების მიზნობრიობას ძირითადად, კვლავ საბანკო სესხებისა და ობლიგაციების რეფინანსირება წარმოადგენს, რაც, მიმოხილვის მიხედვით, ობლიგაციების მზარდი ბაზრისთვის ბუნებრივია. 2023 წლიდან იზრდება იმ ემისიების წილი, რომელთა მიზანს მხოლოდ ბიზნესის გაფართოებისა და კაპიტალური დანახარჯების დაფინანსება წარმოადგენს. ასეთი ემისიების წილმა 2026 წლის პირველ ნახევარში 28%-ს მიაღწია.

რაც შეეხება ობლიგაციების კლასს და უზრუნველყოფის სტატუსს, ადგილობრივ ბაზარზე არსებული კორპორაციული ობლიგაციები თითქმის მთლიანად არასუბორდინირებულია, თუმცა უზრუნველყოფის სტატუსი ვალუტების მიხედვით განსხვავდება. 2026 წლის II კვარტლის ბოლოს, უზრუნველყოფილი ობლიგაციების წილი ლარში დენომინირებული ობლიგაციების ნაშთის 56.5%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ნაშთის 15.5%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები