მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაყიდა - ოქტომბერში ინტერვენციებმა რეკორდულ $173 მლნ-ს მიაღწია

სები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა, ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც $173.4 მილიონი დოლარია. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია.

წინა ინტერვენციები 64.9 მილიონი დოლარის და $48.5 მილიონი დოლარის ოდენობით 8 და 16 ოქტომბერს განხორციელდა, შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ნეგატიური სავალუტო მოლოდინების მართვა სებ-ს უკვე $173 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც უფრო მეტია ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში აუქციონების გზით გაყიდული თანხა ($166.7 მლნ), მთლიანად 2024 წლის 10 თვეში კი სებ-მა ინტერვენციების გზით უკვე 342 მილიონი დოლარი გაყიდა.

სავალუტო აუქციონებთან ერთად სებ-ი სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვისა და გაყიდვის ოპერაციებს Bmatch პლატფორმითაც ახორციელებს, თუმცა აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თვიურ ჭრილში თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ ხდება ცნობილი, ანუ ახორციელებდა თუ არა სებ-ი ოქტომბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმის მეშვეობითაც ვალუტის გაყიდვას ცნობილი მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები