მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა უნაღდო ვალუტის გაცვლის ოპერაციების მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა

სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო შეიმუშავა. სებ-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების გამჭვირვალობასა და ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

ახალი წესი განსაზღვრავს უნაღდო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, საქმიანობის უფლების გაცემის პირობებსა და ვალდებულებებს. ამ პირობების თანახმად, უნაღდო კონვერტაცია განხორციელდება იმ საბანკო ანგარიშების მეშვეობით, რომელთაც უნაღდო ვალუტის გაცვლის პუნქტის კლიენტი ფლობს. გადახდები მხოლოდ ქართული ბანკებისა და მიკრობანკების ანგარიშებზე მოხდება.

"პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის/მიკრობანკის ანგარიშების მეშვეობით. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა უნდა განხორციელდეს კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილი კლიენტის ანგარიშიდან პუნქტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და შემდგომ, იმავე კლიენტის კომერციული ბანკის/მიკრობანკის ანგარიშზე გადაცვლილი თანხის დაბრუნების გზით", - ნათქვამია დოკუმენტში.

ბრძანების ტექსტის თანახმად, მომხმარებლებს ქვითრის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ ოპერაციის შესრულებიდან 30 წუთის განმავლობაში ოპერატორ კომპანიას ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება მოსთხოვონ:

"პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში", - ნათქვამია დოკუმენტში.

მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები არ იცვლება მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციებით გააგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოისურვებენ უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის მომსახურების დამატებას, უნდა დააკმაყოფილონ ახალი რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები და მიიღონ შესაბამისი საქმიანობის უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები