მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სები საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 5%-ს ჩინურ იუანში განათავსებს - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) წვდომის შესახებ შეხვედრა გაიმართა. სების წარმომადგენლებმა სექტორის მოთამაშეებს კომერციული ბანკების, საბროკერო კომპანიების, აქტივების მმართველებისა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს აღნიშნულ ბაზარზე ოპერირების პერსპექტივები გააცნეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და ჩინურ იუანში (CNY) დენომინირებულ აქტივებში ინვესტირება იყო. აღინიშნა, რომ ჩინური იუანის როლი საერთაშორისო სავალუტო სისტემაში სტაბილურად იზრდება, რაც დადასტურდა IMF-ის მიერ მისი SDR კალათაში მეხუთე ვალუტად შეყვანით (დოლართან, ევროსთან, იენასა და ფუნტთან ერთად).

პრეზენტაციისას ხაზი გაესვა სხვა ქვეყნების გამოცდილებას:

  • იაპონია: $10 მილიარდის ეკვივალენტის ინვესტიცია ჩინურ აქტივებში;
  • ავსტრალია: $1.9 მილიარდი;
  • შვეიცარია: 15 მილიარდი იუანის საინვესტიციო კვოტა (~$2.4 მილიარდი);
  • ევროპის ცენტრალური ბანკი: პირველი €500-მილიონიანი ინვესტიცია ჯერ კიდევ 2017 წელს განახორციელა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ CIBM-ზე (China Interbank Bond Market) წვდომის მოპოვება საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ჩინურ იუანში და ჩინურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დივერსიფიკაციის მიზნით ხორციელდება. მთლიანობაში არაძირითადი ვალუტების წილი 10%-ით არის განსაზღვრული, საიდანაც ჩინური იუანის ინსტრუმენტებში დაახლოებით 5%-მდე იქნება განთავსებული, რაც ნიშნავს, რომ სები იუანში 315 მლნ-მდე დააბანდებს.

„CIBM-ზე წვდომის მოპოვება შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მოქნილად და ეფექტიანად ვმართოთ საერთაშორისო რეზერვები, გავაფართოვოთ საინვესტიციო ინსტრუმენტების სპექტრი და გავაძლიეროთ რისკების მართვის ჩარჩო. საერთაშორისო რეზერვები უნდა იყოს დივერსიფიცირებული როგორც ვალუტების, ასევე აქტივების ტიპებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით, რაც კონცენტრაციის რისკებს ამცირებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ უწყება მომავალშიც განაგრძობს კონსერვატიულ და დაბალრისკიან საინვესტიციო პოლიტიკას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრაშია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების მიზნით ჩინურ ფასიან ქაღალდებში გეგმავს თანხის განთავსებას - ამის შესახებ ცნობილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება, რომლის თანახმადაც სებ-მა წვდომა მოიპოვა ჩინეთის ობლიგაციების ბანკთაშორის ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM), რომლის მეშვეობითაც ჩინურ ფასიან ქაღალდებში განახორციელებენ ინვესტიციებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირება საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების ზრდას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები