ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ რიგით მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ეთერიუმის რამდენიმე სავაჭრო ფონდს, იგივე ETF-ს შუალედური მწვანე შუქი აუნთო. შედეგად, ინვესტორები, მომავალში, ამ კრიპტოვალუტის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას უშუალოდ საფონდო ბირჟიდან შეძლებენ. საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის, SEC-მა ETF-ებთან დაკავშირებით ძირითადი დოკუმენტები დაამტკიცა, რაც არ ნიშნავს, რომ საფონდო ბირჟაზე სავაჭრო ფონდებით ვაჭრობა დაიშვა - ამისთვის, გერი გენსლერის უწყებამ კიდევ რამდენიმე ოფიციალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ამ დროისთვის, SEC-მა შუალედური მწვანე შუქი ეთერიუმის რვა სავაჭრო ფონდს აუნთო, რომლებიც სხვადასხვა ფინანსურმა კომპანიამ წარმოადგინეს, მათ შორისაა VanEck-ი, Fidelity-ი, Franklin-ი, Grayscale-ი, Bitwise-ი, ARK Invest 21Shares-ი, Invesco Galaxy და BlackRock-ი.
თუკი აშშ-ის ფინანსური მარეგულირებელი ეთერიუმის ETF-ებს ბირჟებზე დალისტვის უფლებას მისცემს, კრიპტოინდუსტრიაში დამატებითი ინვესტორები გაჩნდებიან, მათ შორის ის ინსტიტუციური ინვესტორებიც, რომლებიც ციფრულ აქტივებში პირდაპირ ინვესტირებისგან, ამ დროისთვის, თავს იკავებენ. დიდი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, ბირჟებზე დალისტვიდან პირველი თორმეტი თვის განმავლობაში, ეთერიუმის ETF-ებში ინვესტორები $45 მილიარდს დააბანდებენ. თუკი ამ პროგნოზის მასშტაბთან დაკავშირებით, შესაძლოა, კითხვები გაჩნდეს, ინვესტიციების შემოდინებაზე არავინ დავობს, რადგან სწორედ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც SEC-მა ბიტკოინის რამდენიმე ETF-ი დაამტკიცა.
თუმცა ბიტკოინის ფასიანი ქაღალდების დამტკიცებისგან განსხვავებით, ეთერიუმის ETF-ების შესაძლო დამტკიცებას კრიპტოინდუსტრიისთვის დამატებითი მნიშვნელობაც აქვს. საქმე ისაა, რომ თუ აშშ-ის მარეგულირებლები თანხმდებიან, რომ ბიტკოინი საბირჟო საქონელია, ანუ დაახლოებით ის, რაც არის ოქრო ან ვერცხლი, ეთერიუმის თაობაზე საერთო დეფინიცია შეთანხმებული არ არის, ანუ დებატი იმის თაობაზე, საბირჟო საქონელი არის ეთერიუმი თუ ფასიანი ქაღალდი, ჯერაც აქტუალურია. თავად ეს განმარტება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საბირჟო საქონელი და ფასიანი ქაღალდი შინაარსობრივად იმდენად განსხვავებული ცნებებია, რომ მათი რეგულირების გზები, ისევე, როგორც თავად მარეგულირებელი უწყებები - განსხვავებულია. აშშ-ის საბირჟო საქონლის სავაჭრო კომისიის შეფასებით, ეთერიუმი საბირჟო საქონელია, მაგრამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებლის მხრიდან განმარტება მკაფიო არ არის. ამგვარად, ეთერიუმის ETF-ის შესაძლო დამტკიცებამ, წესით და რიგით, ამ თემას ნათელი უნდა მოჰფინოს.
მაშ, რა გავლენა ჰქონდა SEC-ის მიერ ეთერიუმის ETF-ებზე შუალედური დასტური გაცემამ? მას შემდეგ, რაც აღნიშნული სიახლე მედიაში გავრცელდა, ძირითადი კრიპტოაქტივების, მათ შორის ეთერიუმის ფასი მკვეთრად შემცირდა, რაც, გარკვეულწილად, მოსალოდნელი იყო, რადგან ფასიანი ქაღალდების დამტკიცების მიმართ მოლოდინი კრიპტოვალუტების ფასში მანამდე იყო ასახული, ხოლო ინვესტორებმა დაფიქსირებული მოგების რეალიზაცია არჩიეს - ბაზარს ანალოგიური რეაქცია ჰქონდა ბიტკოინის ETF-ების დამტკიცების შემდეგაც. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ეთერიუმი თითქმის 20%-ით გაძვირდა, რასაც სხვა კრიპტოვალუტების გაძვირებაც მოჰყვა.