ამერიკის შეერთებული შტატების ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მიერ Etherium-ის ETF-ების დამტკიცებასთან დაკავშირებით არსებული დადებითი მოლოდინის ფონზე, რიგით მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ერთ დღეში თითქმის 20%-ით გაძვირდა. ამჟამად, ETH-ის ფასი $3,670-ია, როცა გუშინ გვიან ღამით, ერთეული კრიპტოვალუტა $3,140-ად ივაჭრებოდა. ამავე პერიოდში, მკვეთრად იმატა სხვა კრიპტოაქტივების ფასმაც: ბიტკოინი, მაგალითად, 6.1%-ით გაძვირდა, როცა BNB-ის ფასმა 8.1%-ით იმატა, ხოლო Solana-ს ფასი 3.4%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, გასულ 24 საათში კრიპტობაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ 7.7%-ით იმატა და ახლა, ეს მაჩვენებელი $2.61 ტრილიონს შეადგენს.
ციფრული აქტივების ფასის მკვეთრი ზრდა, პირდაპირ უკავშირდება ბაზარზე არსებულ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მარეგულირებელი Etherium-ის ETF-ებს დაამტკიცებს, რითაც ინსტიტუციური ინვესტორები კრიპტოვალუტაში ინვესტირებას საფონდო ბირჟიდანაც შეძლებენ. მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციით, გერი გენსლერის უწყება ETF-ების დაბლოკვას გეგმავდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარეგულირებელმა ETF-ების გამომშვებ ორგანიზაციებს დამატებითი საბუთები მოსთხოვა, რაც ბაზარმა დადებით სიგნალად აღიქვა. ETF-ების ნაწილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას SEC-ი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაასაჯაროებს.