გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე ქართული კერძო სექტორიც იქნება წარმოდგენილი. ნიუ-იორკში სელფი ორი მომხსენებლით იქნება წარმოდგენილი - კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე და რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ.
22-23 სექტემბერს გაეროს გლობალური შეთანხმების Leaders Summit 2026-ზე კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე ისაუბრებს სესიაზე, რომელიც კეთილსინდისიერებასა და კონკურენტულ უპირატესობას ეძღვნება.
მასთან ერთად დისკუსიაში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი ლინ პეინი, Deloitte-ის, RELX-ისა თუ Safaricom-ის, AtkinsRéalis-ისა და CMPC-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ხოლო 25 სექტემბერს, სელფის რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ღონისძიებაზე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, შრომის ბაზრის ტრანსფორმაციასა და ციფრულ ინკლუზიაზე ისაუბრებს.
სელფის მონაწილეობას ხსენებულ დისკუსიებში კომპანიის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებიც ამყარებს.
2025 წელს სელფი გახდა ერთადერთი ტელეკომ კომპანია საქართველოში, რომელმაც ISO 37001 ანტიკორუფციული მართვის სისტემისა და ISO 37301 შესაბამისობის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატები მოიპოვა. სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის, გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში.






























