მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი სარწყავი წყლის ტარიფებს 2023 წლიდან დაადგენს - დავით ნარმანია

615f10f8e2811
დავით ჯალაღონია
08.10.21 10:20
1419
მელიორაციის სისტემა სატარიფო მეთოდოლოგიას დაექვემდებარება. როგორც BMG-ს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, ამ ეტაპზე წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ახალი რეგულირების სექტორი გვემატება. "მელიორაციის კანონში" ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც მელიორაციის რეგულირება კომისიას დაემატება და 2023 წლიდან ჩვენ მელიორაციის სექტორში დავადგენთ ტარიფებს, განვიხილავთ დავებს და ა.შ. ამდენად, უფლებამოსილებები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას შორის იქნება განაწილებული - მელიორაციის კომპანია დარჩება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვის ქვეშ, მის ძირითად პოლიტიკას, მიმართულებებს დაადგენს მთავრობა, მაგრამ რეგულირების ნაწილს სემეკი მიხედავს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება სარწყავი წყლის ტარიფის წნეხს მოსახლეობაზე, სემეკ-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ტარიფი ადეკვატური იქნება იმ სერვისისა, რომლის შეთავაზებასაც მელიორაციის სისტემა უზრუნველყოფს.

"მარეგულირებელი კომისია პირველ რიგში მოამზადებს მიწოდება-მოხმარების წესებს, არაერთი შეხვედრა იქნება ამ საკითხზე. ჩვენ ვმუშაობთ წინამოსამზადებელ სამუშაოებზე, ჩართულნი არიან დონორი ორგანიზაციებიც, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყანაში გვიზიარებენ. ასევე, მოვამზადებთ სატარიფო მეთოდოლოგიას და შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიას დაეფუძნება ის ტარიფები, რაც დადგენილი იქნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება რაღაც დიდი წნეხი და ტვირთი ფერმერებისთვის. ტარიფი დადგენილი იქნება ისე, რომ როგორც სხვა სექტორებში ვიცავთ ბალანსს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის, აქაც ვეცდებით იყოს ბალანსი დაცული და ადეკვატური იქნება ტარიფი იმ სერვისისა, რასაც მელიორაციის სისტემა გაწევს. ამ საკითხებზე წინამოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული გვაქვს", - განმარტა სემეკ-ის თავმჯდომარემ.

ამ ეტაპზე უცნობია, რას ექნება დიდი წილი მელიორაციის ტარიფში - მიწის ფართობს, თუ მოხმარებული წყლის ოდენობას.

"ამ თვალსაზრისით სხვადასხვა გამოცდილება არსებობს. კონკრეტული მოდელი ჯერ შერჩეული არ არის, რადგან ერთ წელიწადზე მეტი დრო გვაქვს, რომ მეთოდოლოგია შევიმუშაოთ და შემდეგ ამის შესაბამისად დადგინდეს ტარიფები. კონკრეტული მოდელი ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით აუცილებლად იქნება შერჩეული", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები