მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი საშუალო და მაღალი წნევის მილსადენების მარკირებას აანონსებს - დავით ნარმანია

ნარმანია

სემეკი უახლოეს მომავალში ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც საშუალო და მაღალი წნევის მილსადენების მარკირება უნდა მოხდეს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ 9 თებერვალს დაზიანებული "თბილისი ენერჯის" 500-მილიმეტრიანი გაზსადენზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მილსადენების მარკირება, დაინტერესებული პირებისთვის, კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ანალოგიური დაზიანებების პრევენციას უზრუნველყოფს.

„ბუნებრივი გაზის მილსადენს, ისევე როგორც სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს აქვს თავისი დაცვის ზონა, სადაც ამ არეალში არ უნდა ხდებოდეს დაშვება, ისევე როგორც ურბანული განვითარება და მნიშვნელოვანია ის, რომ ასევე სათანადოდ იყოს მონიშნული ის ადგილები, სადაც გადის მილსადენები. პერიოდულად უნდა ტარდებოდეს მისი მონიტორინგი. ეს არის ის ღონისძიებები, რომელიც არის მაპრევენცირებელი, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი დაზიანებები. მილსადენი, რომელიც დაზიანდა 45 წლის წინ არის აშენებული. ამ მილსადენის გარკვეული ნაწილი, ისევე როგორც სხვა არეალებში ცვლილებები მიმდინარეობს პერიოდულად, თუმცა იყო მთელი რიგი წლები, როცა ინვესტიციები არ იდებოდა ქსელში. ბოლო წლებში, საინვესტიციო აქტივობა გაზის, წყალმომარაგების და სხვა კომუნიკაციების ნაწილში წინა წლებთან შედარებით არის მაღალი, რაც ნიშნავს, რომ მეტი მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა ხდება. ერთბაშად შესაძლებელია მეტი ინვესტიციის განხორციელება, თუმცა ეს ტარიფზე მოახდენს ასახვას.

ჩვენ უახლოეს მომავალში, ინიციატივით გამოვალთ, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაშია, რომ საშუალო და მაღალი წნევის მილსადენები იყოს მარკირებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი ნაწილი უხილავია, იყოს მათზე დატანილი შესაბამისი მანიშნებლები. რათა, იმ პირებმა, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ინფორმაცია მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციის შესახებ, იცოდნენ. ამიტომ ესეც მაპრევენცირებელი ღონისძიება იქნება“, - ამბობს დავით ნარმანია.

მისი თქმით, მარეგულირებელმა “თბილისი ენერჯიდან” წერილობითი ინფორმაცია გამოითხოვა, რისი მიღების შემდეგაც საკითხის განხილვა გაგრძელდება.

„მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო განხილვა. გამანაწილებელი კომპანიისგან, „თბილისი ენერჯისგან“ წერილობითი ინფორმაცია მოვითხოვეთ. მათი მხრიდან მუშავდება ეს ყველაფერი და მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის ბოლომდე მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას, დავამუშავებთ და საკითხის განხილვას გავაგრძელებთ.

მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირება დაინახა, თუმცა უმნიშვნელოვანესია გამომწვევი მიზეზების დადგენა. ასევე, კომუნიკაციის ნაწილში რამდენად დროულად მიეწოდებოდა მოსახლეობას ინფორმირება. ამასთან, რამდენად იყო რეაგირებასთან დაკავშირებით "სემეკის" მიერ დადგენილი წესები დაცული. კომპეტენციის ნაწილში "სემეკი" საკითხს განიხილავს და დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს სემეკის თავმჯდომარე.

სემეკის თავმჯდომარე მედიასთან GWP-ს შემთხვევასაც განიხილავს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა, მარეგულირებელმა კომისიამ მათ და სხვა კომპანიებსაც მოუწოდა იმისკენ, რომ გააძლიერონ მათი მხრიდან მონიტორინგის პროცესი და შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით აცნობონ მათ შორის მარეგულირებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები