მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა შპს "მარნეულის სოფწყალი" 5 000 ლარით დააჯარიმა

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) „შპს „მარნეულის სოფწყალი“ დააჯარიმა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.

სემეკში დღეს საჯარო სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა. საკითხები შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადებს, სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შპს „მარნეულის სოფწყალი“ კომისიის მიერ წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

უფრო დეტალურად, კომპანია დაჯარიმდა წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების (მოიცავს წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ყველა საშუალებას) საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სემეკში წარუდგენლობის გამო, რაც წესების შესაბამისად იყო მოთხოვნილი და კვლავ დაევალა დოკუმენტაციის წარმოდგენა.

"სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, მომსახურე კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მიმართონ სემეკს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით",- აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები