სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მოქმედ ფრინველთა არალეგალურ სასაკლაო დაჯარიმდა და წარმოების პროცესი შეუჩერდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ახორციელებდა ფრინველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მეწარმე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.




























