ამერიკული გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა რესპუბლიკელმა ჯონ ტუნმა უარი თქვა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) MEGOBARI Act-ის ჩართვაზე.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ თვეში ტუნმა უარი უთხრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს კანონპროექტის ავტორიზაციის აქტში შეტანაზე. ჯონსონს სურდა, რომ MEGOBARI Act-ი შეეტანა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), რომელიც ყოველწლიურად მიიღება. სენატის უმრავლესობის ლიდერმა ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ დაბლოკა ავტორიზაციის აქტში MEGOBARI Act-ის ჩართვის ინიციატივა.
2025 წლის მაისში MEGOBARI Act-ი 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს. კანონპროექტი ერთი მხრივ ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების შემთხვევაში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობასაც დებს.




























