შეერთებული შტატების სენატორი ლინდსი გრეჰემი რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების პაკეტში შესწორების შეტანის ინიციატივით გამოვიდა. ცვლილების თანახმად, ქვეყნები, რომლებიც მიმდინარე ომის მიუხედავად რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებენ, თუმცა უკრაინას არ ეხმარებიან, ე.წ. მესამე ქვეყნის როლის მორგებას ვეღარ მოახერხებენ. და თუ მაინც ცდიან შტატებში რუსული პროდუქციის ძველებურად შეტანას, სწორედ ამ შეტანილ პროდუქტს დაედება 500%-იანი ტარიფი.
როგორც გრეჰემი განმარტავს, შემოთავაზებული შესწორება იმ ევროპულ ქვეყნებს დაეხმარება, რომლებიც, ერთი მხრივ, რუსულ ენერგოპროდუქტებს დღემდე ყიდულობენ და მეორე მხრივ, ომში მყოფ ქვეყანას უდიდეს დახმარებას უწევენ. გრეჰემის ინიციატივა შეეხება ჩინეთსაც, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ მკაცრ სანქციებს თავი აარიდოს.
80-ზე მეტი სენატორის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მიზნად ისახავს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შტატებთან რუსეთიდან ნაყიდი ნავთობით, გაზით, ურანითა და სხვა მასალებით ვაჭრობენ, თუმცა არავითარ დახმარებას არ უწევენ უკრაინას. გრეჰემის შესწორება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი მკაცრი სანქციებს აღსრულებას, მეორე მხრივ კი დაეხმარება ოფიციალურ კიევს დამატებითი ფინანსური თუ სამხედრო მხარდაჭერის მობილიზებაში.
კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად არ წყდება მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპთან, რომლის მხარდაჭერის გარეშეც რესპუბლიკელი სენატორები ამ იდეის რეალობად ქცევას ვერ მოახერხებენ.




























