ამერიკის სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, ბრაიან ფიცპატრიკმა რუსეთისთვის და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის სანქციების დაწესების ახალი ინიციატივა გააჟღერეს. როგორც ირკვევა, ამჯერად შეთავაზება მთავრობის დაფინანსების კანონპროექტთან ერთად იქნება წარდგენილი, რაც მისი დამტკიცების ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
რაც შეეხება თავად ინიციატივას, ამჯერად სანქციები არამარტო რუსეთს, არამედ რუსული ნავთობის შემსყიდველ დიდი ქვეყნებს, ჩინეთსა და ინდოეთსაც შეეხება. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდგმება, თუ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა სენატორმა აქამდეც გააჟღერა, თუმცა რუსეთის დასანქცირების მიმართ პრეზიდენტი ტრამპის სკეპტიციზმის გამო პროექტი განხილვის ეტაპზე ვერ გადავიდა. ამჯერად, არამარტო პრეზიდენტი, არამედ თეთრი სახლის ადმინისტრაციის სხვა წევრებიც რუსეთისა და მისი მოკავშირეების დასანქცირების მიმართ მეტ ინტერესს იჩენენ. ამასთან, სამთავრობო დაფინანსების დოკუმენტში მსგავსი პროექტის შეტანა მისი დამტკიცების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.




























