სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა. შესაბამისი ინფორმაცია კონგრესის ვებგვერდზეა განთავსებული.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს.
ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე.
შეგახსენებთ, აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სენატორმა შაჰინმა კი განაცხადა, რომ "ქართველი ხალხის აქტი" ამ სავიზო შეზღუდვებს მუდმივს გახდის.