ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ეხება ათობით პირს, მათ შორის "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა მოქალაქეებს.
სანქციების მიზეზად დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, თუ საქართველოში სიტუაცია გამოსწორებული არ იქნება, სანქციებს მოჰყვება დამატებითი ზომებიც.
"აშშ შეშფოთებული რჩება “ქართული ოცნების” ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, ისევე როგორც მისი ბოლო დროის განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევის რისკს აჩენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის სურვილს.
სავიზო აკრძალვებს ვუწესებთ, ათობით საქართველოს მოქალაქეს. ეს მოიცავს პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეობს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის ძირის გამოთხრა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება და საქართველოს მთავრობის დავალებით დეზინფორმაციის განზრახ გავრცელება. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი ტრანში მოიცავს “ქართული ოცნების” პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს", - განაცხადა სახდეპის პრესსპიკერმა და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, საქართველოს მთავრობამ ტრაექტორია, რომელსაც მიჰყვება, შემოაბრუნოს.
რაც შეეხება სანქცირებული ადამიანების სახელების დასახელებას, მეთიუ მილერმა თქვა, რომ მათი დასახელება არ შეუძლია.
„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია. სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, მაგრამ ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც იმოქმედა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად", - განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ასევე განმარტავს, რომ ეს აშშ-ის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია და მომავალში მზად არიან საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვა განახორციელონ.
როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს, ეს ასევე ეხება იმას, თუ როგორ არბევდნენ განსხვავებულ აზრს, ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც უარს ამბობენ გზაზე, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს”, - აღნიშნა მილერმა.