აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო აკრძალვებს უწესებს ქართული ოცნებისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სამართალდამცავებს და სხვა კერძო პირებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სანქცირებული ადამიანებისთვის სახდეპს სანქცირების შესახებ შეტყობინება არ გაუგზავნია.
"ჩვენ არ ვგზავნით შეტყობინებას, მაგრამ ისინი ამის შესახებ გაიგებენ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას ეცდებიან" - განაცხადა მან.
კითხვას, აფრთხილებენ თუ არა მათ, ვისაც მოქმედი ვიზა აქვს? - მან შემდეგნაირად უპასუხა: "ვეჭვობ, ეს ასე მოხდა, რადგან ჩვენ ეს დღეს ავამოქმედეთ".
რაც შეეხება სანქცირებული ადამიანების სახელების დასახელებას, მეთიუ მილერმა თქვა, რომ მათი დასახელება არ შეუძლია.
„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია. სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, მაგრამ ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც იმოქმედა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავდასხმისთვის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად", - განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ასევე განმარტავს, რომ ეს აშშ-ის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია და მომავალში მზად არიან საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვა განახორციელონ.