სენტ ლუისის ფედერალური რეზერვების პრეზიდენტმა, ალბერტო მუსალემმა განაცხადა, რომ შტატების ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას იქამდე არ დაუჭერს მხარს, სანამ დამატებით ეკონომიკურ მონაცემებს არ გაეცნობა და არ დარწმუნდება, რომ ამის საჭიროება რეალურად არსებობს.
ცნობისთვის, ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი, რომლის 12 წევრს შორისაც მუსალემია, 16-17 სექტემბერს შეიკრიბება და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ან შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ალბერტო მუსალემი თვლის, რომ შემცირებისთვის მხარდაჭერის საფუძველი ჯერ არ არსებობს, რადგან ინფლაცია კვლავ 3%-მდეა და ახლოსაც არაა იმ 2%-იან ნიშნულთან, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც განაკვეთის შემცირებას მხარს დაუჭერდა. მხარდაჭერაზე უარის კიდევ ერთ მიზეზად მუსალემი შრომით ბაზარზე სერიოზული პრობლემების არარსებობას ასახელებს.
ვაიომინგში ჩატარებულ კონფერენციაზე გამოსვლისას მუსალემმა აღნიშნა, რომ ფედერალური რეზერვების ამჟამად არსებული პოლიტიკა მისთვის სრულიად მისაღებია და სანამ არ დაინახავს ცვლილების საჭიროებას, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მხარს არ დაუჭერს.




























