მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბერში დონალდ ტრამპმა Nvidia-ს, Palantir-ისა და SpaceX-ის აქციები შეიძინა

მასკი ტრამპი

ახლად გამოქვეყნებული ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საინვესტიციო ანგარიშებით მისმა წარმომადგენლებმა Nvidia-ს, Palantir-ისა და ილონ მასკის SpaceX-ის აქციები შეიძინეს.

CNBC-ის ანალიზით, 25-გვერდიან დოკუმენტში სულ 751 სავაჭრო ოპერაციაა აღწერილი. ამ გარიგებების საერთო მოცულობა კი დაახლოებით $40.9 მილიონიდან $148.1 მილიონამდე მერყეობს. აქედან შესყიდვებმა მინიმუმ $29.2 მილიონი შეადგინა, გაყიდვებმა კი - სულ მცირე $11.7 მილიონი.

საყურადღებო ფაქტია, რომ რადგან დეკლარაცია ტრანზაქციებს ფართო სავალუტო დიაპაზონებში აღრიცხავს, ტრამპის აქტივების ზუსტი ღირებულება და გარიგებების კონკრეტული მოცულობა უცნობი რჩება.

მედია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ეს ტრანზაქციები კომპანიების მიერ მსხვილი ფედერალური კონტრაქტების მოპოვებისა და მათი ხელმძღვანელების პრეზიდენტთან შეხვედრების ფონზე განხორციელდა.

სახელმწიფო შესყიდვების ჩანაწერების თანახმად, ტრამპის საინვესტიციო წარმომადგენლებმა Palantir-ის აქციები მანამდე შეიძინეს, სანამ კომპანია $42.5 მილიონის საერთო ღირებულების ორ ფედერალურ კონტრაქტს მიიღებდა. ილონ მასკის SpaceX-ში ინვესტიციები კი NASA-სთან $946-მილიონიანი კონტრაქტის გაფართოებამდე ცოტა ხნით ადრე და მის შემდეგ განხორციელდა. რაც შეეხება Nvidia-ს, კომპანიის აქციებით ვაჭრობა ტექნოლოგიური გიგანტის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ტრამპთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად მიმდინარეობდა.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, დეივის ინგლმა CNBC-ის განუცხადა, რომ ტრამპის საინვესტიციო პორტფელი დამოუკიდებლად იმართება და სავაჭრო პროცესში პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს არანაირი მონაწილეობა არ აქვთ.

"ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილებას სრულად დამოუკიდებელი მენეჯერები იღებენ", - აღნიშნა ინგლმა.

Trump Organization-ის პოზიციით, მართვის ეს მოდელი ინტერესთა კონფლიქტის გაჩენის ალბათობასაც კი გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ტრამპი ტრანზაქციებს თავად მართავდა ან მისმა მენეჯერებმა სამთავრობო გადაწყვეტილებების შესახებ წინასწარ იცოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები