საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 77.44 მილიარდი ლარი შეადგინა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. დეპოზიტების ზრდამ ერთთვიან ჭრილში 1.82 მილიარდი ლარი, ანუ 2.41% შეადგინა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობა 20.45%-ით არის გაზრდილი.
დეპოზიტების მატებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა მოთხოვნამდე დეპოზიტების 1.23 მილიარდი ლარით მატებამ, ვადიანი დეპოზიტები კი სექტემბერში 590 მილიონი ლარით გაიზარდა.
"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 57% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით).
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.10% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
























