2026 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 330 შეადგინა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება.
საივესტიციო ბანკის შეფასებით, აგვისტოს სეზონური შენელების შემდეგ, მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. კერძოდ, სექტემბერში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 2%-ით გაიზარდა (2 163 ბინა), ხოლო პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობამ 2 167 შეადგინა (+14.5%). ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში თბილისში 35 033 ტრანზაქცია დაფიქსირდა, ხოლო გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3.2 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
პირველად ბაზარზე ყველაზე მაღალი საშუალო ფასით ტრადიციულად ვაკე ($3 372/კვ.მ) და მთაწმინდა ($2 719/კვ.მ) შენარჩუნდა, ხოლო ყველაზე ბიუჯეტური ფასები დაფიქსირდა სამგორში ($1 172/კვ.მ), გლდანში ($1 156/კვ.მ), დიდ დიღომსა ($1 144/კვ.მ) და ვაშლიჯვარში ($1 111/კვ.მ).

სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სეზონურად მაღალი მოთხოვნის ფონზე, საშუალო ზომის (50-60 კვ.მ) ბინის ქირის ფასი თვიურად მკვეთრად, 8.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 11.3 დოლარი შეადგინა.
ქირის ფასების მატების შედეგად, უძრავი ქონების ქირის ამონაგები (Yield) 9.4%-მდე გაიზარდა, რაც რეგიონის მასშტაბით (ერევანი - 7.9%, ბაქო - 5.1%) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მაღალი საშუალო ქირა დაფიქსირდა ვაკეში ($16.1/კვ.მ), მთაწმინდასა ($14.4/კვ.მ) და საბურთალოზე ($13.2/კვ.მ).
























