მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში ვაჭრობის პირობები მცირედით გაუმჯობესდა, ცვლილება ძირითადად ოქროზე ფასის ზრდამ განაპირობა - თიბისი კაპიტალი

მიმოხილვა

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ განახლებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სექტემბერში საქართველოში ვაჭრობის პირობები – ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა – მცირედით გაუმჯობესდა. წლის განმავლობაში მაჩვენებელი ძირითადად სტაბილურ დონეზე რჩებოდა. ანგარიშში განხილულია ვაჭრობის პირობების ისტორიული დინამიკა, მათი გავლენა სავაჭრო ბალანსსა და გაცვლით კურსზე, ასევე ბოლო წლების ძირითადი ფაქტორები, მათ შორის ოქროზე ფასების ცვლილება, როგორც მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი მმართველი ფაქტორი.

ანგარიშის მიხედვით, ვაჭრობის პირობების მერყეობა ეკონომიკისთვის არასასურველია, რადგან გაუარესების შემთხვევაში იმავე მოცულობის იმპორტის შესაძენად მეტი ექსპორტია საჭირო. თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ სავაჭრო ბალანსის დინამიკა გარკვეულ გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე და იმპორტირებული ინფლაციის მეშვეობით – ფასების საერთო დონეზე.

"ვაჭრობის პირობები - ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობა - სექტემბერში მცირედით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის უცვლელ დონეზე ნარჩუნდებოდა. ვაჭრობის პირობების მერყეობა მაკროეკონომიკური გარემოს კუთხით ნაკლებად სასურველია. კერძოდ, გაუარესების პირდაპირი ეფექტი რეალური შემოსავლის დანაკარგია, რადგან იმავე რაოდენობის იმპორტის შესაძენად მეტი ექსპორტია საჭირო. გარდა ამისა, სავაჭრო ბალანსის დინამიკა უშუალო კავშირშია გაცვლით კურსთან, რომელიც, თავის მხრივ, იმპორტული ინფლაციის არხით ფასების დონეს გადაეცემა. ამდენად, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ნაკლები ვოლატილობა მოწყვლადობის შემცირების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორია ისტორიული ტენდენცია საქართველოში? 2005-2010 წლებში ვაჭრობის პირობები შესამჩნევად გაუმჯობესდა, ბოლო 15 წლის განმავლობაში (2010-2024) კი დიდწილად სტაბილური რჩება. ამ მხრივ, საქართველოს ვაჭრობის პირობების დინამიკა ახლოსაა, მაგალითად, სომხეთის მაჩვენებელთან, ხოლო მცირედით მეტად ცვალებადია ვიდრე, მაგალითად, ევროკავშირისა და თურქეთის შემთხვევაში, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვნად ნაკლებად მერყეობს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი და რუსეთი.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის პირობების სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს შემთხვევაში, აშშ დოლარში გამოხატული სავაჭრო ბალანსის მაინც გაუარესებაზე მიუთითებს, რადგან იმპორტის მოცულობა ექსპორტისას მნიშვნელოვნად აღემატება. უფრო მეტიც, სხვაობის სიდიდიდან გამომდინარე, ვაჭრობის პირობების შედარებით მოკრძალებული გაუმჯობესებაც კი, შესაძლოა, აშშ დოლარში სავაჭრო ბალანსის გაუარესებას იწვევდეს. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ნავთობის ფასის ზრდის მიმართ მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს. ჯამურად, ვაჭრობის პირობები, რასაკვირველია, საგარეო ბალანსის კუთხით მხოლოდ ერთ-ერთი მაჩვენებელია და სავალუტო შემოდინებებზე მრავალი სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას.

უფრო ახლო წარსულის მხრივ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ვაჭრობის პირობები, წინა წლებთან შედარებით, გარკვეულწილად მეტად მერყევია. კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე იმპორტის ფასები ერთბაშად გაიზარდა, ექსპორტის ფასები კი - უფრო დაგვიანებით, რაც ვაჭრობის პირობების თავდაპირველ გაუარესებასა და შემდგომ, პირიქით, გაუმჯობესებაში აისახა. ექსპორტის ფასების ზრდის კუთხით, ძირითადი კონტრიბუტორი სასუქზე ფასი იყო, რომელიც მომდევნო წლიდან მალევე შემცირდა. რაც შეეხება იმპორტს, პანდემიის შემდეგ ფასები თითქმის ყველა მსხვილ პროდუქტზე გაიზარდა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ნავთობზე ფასის ნახტომი და, შესაბამისად, 2022 წელს ვაჭრობის პირობების კვლავ გაუარესება მოჰყვა. ტენდენცია ისევ გაუმჯობესდა 2023 წლის ბოლოდან, როდესაც საკვებზე, სასმელებსა და ლითონის მადნებზე ექსპორტის ფასების ზრდას თან ახლდა იმპორტის მხარეს ნავთობის ფასების შემცირება.

მიმდინარე წელს კი ვაჭრობის პირობების მხარდამჭერი ფაქტორი ოქროზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა, რის შედეგადაც ძვირფასი ლითონის მადნები 2025 წელს საქართველოს ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუფად ჩამოყალიბდა. სექტემბრის მცირედი ზრდა, რომელიც შესავალში აღინიშნა, სწორედ ოქროს ფასების მატებას უკავშირდება. ამ მხრივ, უკვე ოქტომბერში, თვის მეორე ნახევრიდან, ოქროს ფასები გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერზე საკმაოდ მაღალი რჩება. თიბისი კაპიტალი უახლოეს მომავალში მკითხველს შესთავაზებს ანალიზს ოქროს ფასის ბოლოდროინდელი დინამიკის თაობაზე, რაც, ლარი/დოლარი/ევროს ჩარჩოს ფარგლებში, სტრატეგიული ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღებისას პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც მოიცავს,"- ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები