დასაქმების პლატფორმა HR.GE-ს რეგიონალური მენეჯერი, ინგა შახბაზიანი ამბობს, რომ 2025 წელს, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
“გაყიდვების სფერო კვლავ ლიდერობს ვაკანსიების რაოდენობით (21%), შემდეგ მოდის ჰორეკა სექტორი – 13%, ადმინისტრაცია – 9%, სამედიცინო სფერო – 8%, საბანკო – 7%, წარმოება – 6%, ლოგისტიკა-დისტრიბუცია – 5%, ხოლო IT და დეველოპმენტის მიმართულებები ჯამში 3%-ს შეადგენენ”, - თქვა მან.
შახბაზიანი წლიურ სტატისტიკასაც იშველიებს და ამბობს, რომ წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ჰორეკა სექტორი, რაც მეორე კვარტალში ვაკანსიების ზრდის მთავარ მიზეზად იქცა. ზაფხულის პერიოდში ბაზარზე ტრადიციული შენელება ფიქსირდება, ხოლო ოქტომბერში შარშანდელთან შედარებით 8%-იანი კლება დაფიქსირდა.
მისივე ვარაუდით, ნოემბერში სამუშაო ბაზარზე აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობის სექტორში, სადაც საახალწლო სეზონის მოახლოებასთან ერთად ხშირად საჭირო ხდება დროებითი კადრების დამატება : "მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბერში რითეილ სფერო გააქტიურდება და ეს რა თქმა უნდა, თვის ჭრილში ვაკანსიების რაოდენობას გაზრდის”, - თქვა მან.




























