"სექტემბრის შემდეგ “ტაბერნე გურიაში - აცანას” ტურისტი არ ჰყოლია", - ამის შესახებ გურიაში მდებარე აგროტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, კესო მახარაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მახარაძის ცნობით, სტუმრებმა, რომლებსაც ტურისტულ ობიექტში სტუმრობა ჰქონდათ დაგეგმილი, გარკვეული პერიოდით ადრე განუცხადეს, რომ გეგმები შეეცვალათ და საქართველოში მოგზაურობა გადადეს. ამასთან, ის დასძენს, რომ ბოლო პერიოდში, მისი სტუმრები იმ ცვლილებების შესახებ საუბრობდნენ, რომელიც ქვეყანაში უკვე შესამჩნევი იყო და ამბობდნენ, რომ თუ ქვეყანა სხვა რელსებზე გადავა, ამ შემთხვევაში ევროპელი მოგზაურებისთვის საქართველო უსაფრთხო სამოგზაურო ადგილი აღარ იქნება.
“2024 წელი ჩემთვის ყველაზე პროდუქტიული წელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სექტემბრის შემდეგ "ტაბერნე გურიაში - აცანას" ტურისტი არ ჰყოლია. მანამდე თუ, ბოლო სამი წელი, ევროპელი ტურისტებით, მათი ემოციებით და აღფრთოვანებით განებივრებული ვიყავი, 2024 წლის მეორე ნახევარმა იმედები გამიცრუა. ამ წლის დასაწყისზე ხომ საუბარიც არ მაქვს. ტურისტი ჯერჯერობით არ მყავს.
ყოფილ სტუმრებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვარ და კერძო საუბრებში ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ცვლილებები იგრძნობა და ასევე იგრძნობა სხვა რელსებზე გადასვლის საფრთხეები. ასეთ შემთხვევაში, მათი ინტერესი ნაკლებად იქნება საქართველოში მოგზაურობა, ვინაიდან მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს სხვა რელსებზე გადასვლის შემთხვევაში, ევროპელი ვიზიტორებისთვის ამ ქვეყანაში მოგზაურობა უსაფრთხო არ იქნება, რაც აქამდე იყო“, - განაცხადა კესო მახარაძემ.