მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტორისთვის ქონების გადასახადის დეცენტრალიზაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკული ბირჟა - გიორგი მარგებაძე

62ebe7e23dd76
ნინო ტაბატაძე
04.08.22 19:37
705
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე 27 დღე რჩება. 1 სექტემბრიდან ენერგეტიკულმა ბირჟამ სრულფასოვანი ფუნქციონირება უნდა დაიწყოს. ბირჟის მენეჯმენტი და სემეკი ირწმუნება, რომ რეფორმის გადავადების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დგას- მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, სატესტო რეჟიმში ვაჭრობა მიმდინარეობს და მხოლოდ 2 სამართლებრივი დოკუმენტია მისაღები, რაც აგვისტოში დასრულდება. მათ შორის, განისაზღვრება, რომ მცირე ენერგოგენერაციის ობიექტებს ( ჰესები, ქარის და მზის სადგურები) უბალანსობის შემთხვევაში სანქციები არ დაუწესდებათ.

ბაზრის მონაწილეებიც ბირჟის დროულად ამოქმედებას ემხრობიან, რადგანაც რეფორმის გაჭიანურება ბაზარზე მეტ გაურკვევლობას იწვევს.

„ინვესტორები არიან მოლოდინის რეჟიმში. ელოდებიან რა მოხდება, როგორი ტარიფები დაჯდება. ან დაადგეს საშველი და დროზე ამოქმედდეს ბირჟა, ან გადავადდეს 5 წლით. 1-1 წლით გადავადებისას ინვესტორი ვერ იწყებს ვერაფრის კეთებას. დღეს რომ მემორანდუმი გააფორმა, მხოლოდ 1- 1.5 წელი სჭირდება იმას, რომ მშენებლობის ეტაპზე მივიდეს“, - აცხადებს "მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის" ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დღეს სექტორის განვითარებისთვის ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ქონების გადასახადის დეცენტრალიზაციას, ვიდრე ენერგეტიკულ ბირჟას.

„ქონების გადასახადის დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია. ყველა რეგიონში ერთიდაიგივე ვითარებაა. გაჩერებულია პროექტები. ქონების გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატვება გამოაცოცხლებს ვითარებას, რეგიონებს გააძლიერებს და მოსახლეობა მიხვდება რომ ენერგეტიკული პროექტები მათთვისაც სარგებლიანია. ინიციატივა გულისხმობს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიერ მიერ გადახდილი ქონების გადასახადიდან 25% წავიდეს ცენტრალურ ბიუჯეტში, 50 % დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში და 25 % ზემოქმედების არეალში შემავალ თემს მოხმარდეს. მაგალითად, არის სოფელი ვაკიჯვარი, სადაც 250 კომლია. მათი ბიუჯეტი 11 ათასი ლარია. იქ რომ დარჩეს ქონების გადასახადი. ბიუჯეტი 250 000 – 300 000 ლარი იქნება ყოველწლიურად და მოსახლეობა სარგებელს დაინახავს“, - აღნიშნავს გიორგი მარგებაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები