მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტორში ძირითადი გამოწვევა, არსებული კანონმდებლობის აღსრულებაა“ - VORTEX Water Engineering

VORTEX Water Engineering

კომპანია VORTEX Water Engineering-ის დამფუძნებელი და დირექტორი, არჩილ ნასრაშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობის აღსრულება სექტორის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი კომპანიაა, მათ შორის ფინანსურად ძლიერი კომპანიები, რომლებიც გამოყენებულ ბინძურ წყალს მდინარეებში აქცევენ. ამასთან, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციისას რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები გამოიკვეთოს.

„ჩვენი საქმიანობა არის წყლის სისტემების ინჟინერია. დაწყებული სასმელი და ტექნიკური წყლის დამზადებიდან, დასრულებული ჩამდინარე წყლის სისტემების დიზაინით, მონტაჟით, ექსპლუატაციაში გაშვებითა და ამის შემდეგ, მომსახურებითაც.

საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან ვართ წარმოდგენილი და 6 უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას წარმოვადგენთ, როგორც პროდუქციის, ასევე სერვისის სახით.

დაინტერესება საკმაოდ მაღალია, რასაც ამ მომენტში მიმდინარე 23 პროექტიც ადასტურებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ერთდროულად სულ მცირე 15 პროექტი არ გვქონია. ამასთან ერთად, აზერბაიჯანში ლაბორატორიული ანალიზატორების გაყიდვები გვეზრდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს, 2023 წელთან შედარებით ამ ქვეყანაში თითქმის გასამმაგებულია გაყიდვები.

ჩვენთვის, არსებული კანონმდებლობის აღსრულებაა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც სინქრონშია ევროპულ კანონმდებლობასთან. ძალიან ბევრი კომპანიაა დღეს კიდევ დარჩენილი, მათ შორის ფინანსურად ძალიან ძლიერი ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ მოხმარებულ ბინძურ წყალს მდინარეებში აქცევენ.

მეორე უდიდესი გამოწვევა იქნება, თუ ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რამე შეფერხება გვექნება, რადგან ჩვენი ცოდნა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მიღმა მდგომი პოტენციალი, რაც ჩვენ გვაქვს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებზე დგას. ისინი ამ ტექნოლოგიებს ასობით წელია ავითარებენ. ანუ, ამ ევროპული და ამერიკული ცოდნის გარეშე ჩვენნაირი კომპანიების წარმატება წარმოუდგენელი იქნება“- აცხადებს ნასრაშვილი.

მისივე ცნობით, VORTEX Water Engineering ისეთ ძლიერ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომელთა დახმარებითაც კომპანიაში სისტემური სწავლებები და კადრების გადამზადება მიმდინარეობს ხოლმე. გარდა ამისა, კომპანიას ურთიერთობები მსოფლიოს საუკეთესო ინჟინრებთან აქვს, რაც გამოწვევების გადალახვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის სამიზნე ბაზრები საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთია, სადაც მასშტაბური პროექტების განხორციელების მოლოდინი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები