მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძმების მარანი" აშშ-ის ბაზარზე ბოლნისური რქაწითელით შედის, 2027 წლიდან კი ახალ ლიქიორს გამოუშვებს

ძმების მარანი

ბოლნისში მოქმედი საოჯახო მეღვინეობა „ძმების მარანი“ აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად პირველ პარტიას მიმდინარე წლის ბოლოს გაგზავნის. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა მარგალიტა ავქოფაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ ამერიკაში თავდაპირველად ბოლნისური რქაწითელი გაიყიდება, 2027 წლიდან კი კომპანია მომხმარებელს ოჯახის მიერ 40 წლის წინ შექმნილ ლიქიორსაც შესთავაზებს.

მისი ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარზე შესვლის მიზნით მოლაპარაკებები დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო, მიმდინარე წლის მაისში კი პარტნიორ კომპანიასთან, Skurnik Wines-თან, საბოლოო შეთანხმება შედგა. პარტნიორის მეშვეობით „ძმების მარნის“ ღვინო ამერიკის სხვადასხვა შტატში გაიყიდება.

„ამერიკის ბაზარზე შესვლა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, მით უფრო, რომ აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარობა იზრდება. ამ მიმართულებით მუშაობა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორი პირველად ჩამოვიდა ბოლნისში და სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. მან მისთვის სასურველი ღვინოები შეარჩია. მოლაპარაკებების აქტიური ეტაპი კი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, როდესაც პარტნიორი კვლავ გვესტუმრა, ხელახლა დააგემოვნა ღვინოები და საბოლოოდ შეარჩია კონკრეტული პროდუქტი - ბოლნისური რქაწითელი, რომელიც აშშ-ის სხვადასხვა შტატში გაიყიდება“, - აცხადებს მარგალიტა ავქოფაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პირველი პარტია აშშ-ში წლის ბოლოს, ტექნიკური დეტალების დასრულებისთანავე გაიგზავნება, 2027 წელს კი მიწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობის შესაბამისად, ეტაპობრივად გაგრძელდება.

ამერიკულ ბაზარზე გასვლასთან ერთად, კომპანია ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასაც გეგმავს. მათ შორისაა RAW WINE, რომლის ნიუ-იორკის ღონისძიებაზე „ძმების მარანი“ მომავალ წელს Skurnik Wines-ის მეშვეობით იქნება წარმოდგენილი.

„ეს დამატებითი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რადგან ამერიკაში ნატურალური მეღვინეობის მიმართულებით ბევრი გამოფენა ტარდება. ასეთ ღონისძიებებზე საშუალება გვექნება, ჩვენი ღვინო პარტნიორის დახმარებით წარმოვადგინოთ. ერთ-ერთი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოფენაა RAW WINE, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნატურალური მეღვინეობის გამოფენებს ატარებს. ერთ-ერთი მათგანი ნიუ-იორკში იმართება, სადაც „ძმების მარანი“ მომავალ წელს Skurnik Wines-ის მეშვეობით იქნება წარმოდგენილი.

ძალიან გვახარებს და საამაყოა ჩვენთვის ეს ფაქტი, რადგან ბოლნისური ღვინოების მიმართ ადრე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლნისური მეღვინეობა დიდ მასშტაბებზე გავიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გაიყიდება ბოლნისური რქაწითელი, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო საამაყოა“, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.

მარგალიტა ავქოფაშვილის თქმით, კომპანიის პრიორიტეტად უკვე ათვისებულ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების შენარჩუნება და მიწოდების მოცულობის ზრდა რჩება. ამასთან, მეღვინეობა ახალი პარტნიორების მოსაძიებლად საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას გააგრძელებს.

როგორც ის ამბობს, 2027 წლიდან „ძმების მარანი“ მომხმარებელს ოჯახის ისტორიულ რეცეპტზე შექმნილ ლიქიორსაც შესთავაზებს. სასმელი 40 წლის წინ შეიქმნა და მარგალიტა ავქოფაშვილის დიდი ბებიის, მარგალიტა ჭყონიას სახელს ატარებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლიქიორის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა და პროდუქტმა დადებითი შეფასებები მიიღო.

„დავამატებდი ჩვენს სამომავლო გეგმებში ახალი პროდუქტების ბოთლში ჩამოსხმასაც. ერთ-ერთი ჩვენთვის ძალიან საამაყო ოჯახური მემკვიდრეობაა ლიქიორი, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა ჩვენი ოჯახის მიერ. ის ჩემი დიდი ბებიის, მარგალიტა ჭყონიას სახელობისაა და ბაბუამ შექმნა. გვინდა, რომ ეს ლიქიორი ბოთლში ჩამოვასხათ და ფართო აუდიტორიას შევთავაზოთ. ჩავატარეთ დეგუსტაციები, გავასინჯეთ შესაბამის ადამიანებს და მათგან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობთ, ამ ტიპის სასმელის მომხმარებლისთვის ბაზარზე საინტერესო ახალი პროდუქტი გამოჩნდება 2027 წლიდან“, - აცხადებს მარგალიტა ავქოფაშვილი.

გარდა ღვინისა და ლიქიორისა, კომპანია ისტორიულ-კულტურული მიმართულების განვითარებასაც ცდილობს. ამ მიზნით „ძმების მარნის“ წარმომადგენლებმა ბოლნისის მუზეუმში დაცული, დაახლოებით 2 600 წლის წინანდელი ღვინის დოქის ასლი შექმნეს, რომელსაც ბოლნისურ დეკანტერს უწოდებენ. ავქოფაშვილის თქმით, მისი შეძენა მომხმარებელს როგორც უშუალოდ მარნიდან, ისე სხვადასხვა მაღაზიასა და ონლაინ შეუძლია.

„ჩვენი საქმიანობა ინტელექტუალურ მიმართულებასაც მოიცავს და სულ ვცდილობთ, ახალი იდეები შემოვიტანოთ. ერთ-ერთი მათგანია ბოლნისური დეკანტერი, რომლის ორიგინალიც ბოლნისის მუზეუმში ინახება. ეს არის უძველესი, 2 600 წლის წინ აღმოჩენილი ღვინის დოქი. ჩვენი იდეა იყო, რომ ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, ამიტომ მისი ასლი შევქმენით.

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი, რომელმაც ეს დეკანტერები შეიძინა და ექსპორტზე გაიტანა. მათ სურდათ, ქართული ღვინო ამერიკელი მომხმარებლისთვის სწორედ ამ ისტორიული დეკანტერით გაეცნოთ. ძალიან გვეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ და ისტორიული არტეფაქტის პოპულარიზაციას ვუწევთ“, - აღნიშნავს ავქოფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ძმების მარანი“ 2015 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანია 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს, წლიური წარმოება კი დაახლოებით 10 000 ბოთლია. მისი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზეა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები