მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Service Air-მა შიდა ფრენებით 22 000 მგზავრი გადაიყვანა - კომპანიის 2023 წლის მოლოდინები

63ee309af300a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.23 09:28
788
ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიამ შიდა ფრენებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით აღადგინა. ამის შესახებ იგორ აფციაურმა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს კომპანია მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ელის და წელსვე ქვეყნის შიგნით ახალი მიმართულებების ამოქმედებას აანონსებს.

„ჩვენი კომპანია ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს და გვიხარია, რომ ყოველ წელს მიზნობრივი ბაზრების გარდა დამსვენებელს ახალი ბაზრებიდან ვიზიდავთ. ვაკვირდებით ჩინეთის ბაზარს, შორეულ აზიას - კორეა, იაპონია და ტრადიციულად ევროპასა და ჩვენს რეგიონს.

ჩვენთვის 2019 წელი რეკორდული წელი იყო და ჩვენ ეს მაჩვენებელი 96%-ით აღვადგინეთ. 2022 წელს 22 000 მგზავრის გადაყვანა შევძელით, რაც ძალიან კარგია. აქედან 70% ადგილობრივები, 30% კი უცხოელი ტურისტები არიან.

წელს დიდ ზრდას ველით, რადგან ტურიზმის კუთხითაც დადებითი მოლოდინებია. ზაფხულის სეზონისთვის ბევრ ტურისტს ველით, მაგრამ ახლა რასაც ვაკვირდებით. ზამთრის სეზონზეც მოთხოვნა ძალიან დიდია. მაგალითად, ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ისეთი დიდი მოთხოვნაა, 2-ჯერ და 5-ჯერ ვნიშნავთ ფრენებს, რადგან რეისები აბსოლუტურად სავსეა. ასევე დავფრინავთ ამბროლაურის მიმართულებით, ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით“, - აღნიშნა იგორ აფციაურმა.

„სერვის ეარი“ მიმდინარე წელს აეროპორტების გაერთიანების მხრიდან შიდა ფრენებზე ახალი ტენდერის გამოცხადების მოლოდინშია. იგორ აფციაური ამბობს, რომ ამის შემდეგ კომპანია 2 მიმართულების - ბათუმი-თელავის და ბათუმი-ქუთაისის დამატებას აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები